02, ნოემბერი 2021 21:18:00
სტარტი აღებულია. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგების შემდეგ, ოპოზიციამ ბრძოლა მოპარული ხმებისთვის დაიწყო. დღეს, პირველი მასშტაბური აქცია ბათუმში შედგა. ამომრჩევლებს სიტყვით ლიდერებმა მიმართეს. ისინი, მხარდამჭრებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ანალოგიური აქციები დაგეგმილია ქვეყნის ყველა რეგიონში. თბილისში კი ოპოზიცია დიდი შეკრებისთვის, შვიდი ნოემბრისთვის ემზადება.
უკვე რამდენიმე საათია, აჭარის მთავრობის სახლთან, მსგავსი შეძახილები ისმის. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკური ლიდერები და მოქალაქეები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ.
არ აღირებული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, საპროტესტო ტალღა ბათუმიდან დაიწყო. ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ ქუჩის პროტესტი პერმანენტულ სახეს მიიღებს და ხმებს ყველგან დაიცავენ.
აჭარის მთავრობის სახლთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ირწმუნებიან, რომ ქუჩის პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე, დასახულ მიზნებს არ მიაღწევენ.
ქუჩის პროსტესტის პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები, ყველა საარჩევნო დარღვევის გაპროტესტებას ჯერ ოლქებში, შემდგომ კი, სასამართლო დარბაზში აპირებენ.
აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალი“ გასულ წელსაც მოეწყო, გაიშალა კარვებიც. თუმცა, ქუჩაში 100-ზე მეტი გათენებული ღამის მიუხედავად, პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. რა მოლოდინები აქვთ ამჯერად და როგორ აპირებენ აიძულონ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა? ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონკრეტული გეგმები აქვთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.
გაერთიანებულო ოპოზიცია ბათუმიდან დაწყებული საპროტესტო ტალღის გაგრძელებას, ყველა იმ ქალაქში გეგმავს, სადაც, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება.