02, ოქტომბერი 2017 17:06:00
სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსამართლემ საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის დამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა დღეს მიიღო. პედაგოგის წინააღმდეგ სარჩელით შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლის მასწავლებელს საარჩევნო კოდექსის დარღვევას ედავება. მარინე დარჩიძემ 15 სექტემბერს, პირველკლასელებთან ერთად, მმართველი გუნდის საარჩევნო დროშებით ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სხეფის სკოლის პედაგოგის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას სკოლის დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა.