31, იანვარი 2017 11:21:00
მოყინული და გაუწმენდავი ქუჩები, გადაადგილების პრობლემა გზებზე, ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები - ასეთი იყო მთელი დღის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა. ადგილობრივების განცხადებით, აქ თოვლისგან ქუჩები არ გაწმენდილა. მძღოლების მტკიცებით, გამგეობას ქალაქში არც ტექნიკური მარილი დაუყრია. გაუწმენდავია გზები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. უხვი ნალექის შედეგად სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობდა 18 საბავშვო ბაღში. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 50-მდე აბონენტი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ქობულეთში ღამით დაფიქსირებული ყინვის გამო, სოფელ ოჩხამურში გაზსადენი გაიყინა და 100-მდე აბობენტს არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი. გამგებლის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. რაც შეეხება გზებზე არსებულ მდგომარეობას, რატი მეგრელიძის განმარტებით, ამ მიმართულებით 11 ერთეული ტექნიკა მუშაობს. თუმცა ერთდროულად ყველა სოფლის გზა ვერ გაიწმინდება.