31, იანვარი 2017 08:17:00
ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „ეს შენ გეხებას“ წევრებმა დატოვეს. მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გუშინ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი დაასახელეს, რომელიც ახალი საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ახალი მოდელი არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს და მისი მიღებით ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულება - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სრულდება. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ახალი მოდელით ე.წ. გასაღებზე კონტროლი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რჩება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, გუშინ უმრავლესობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიოგადაღებას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში არსებული უწყება განახორციელებს, რომელსაც, პაკეტის ინიციატორების მტკიცებით, მხოლოდ ზედამხედველი ფუნქცია და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ექნება. გათვალისწინებულია სპეციალური კომისიის შექმნაც, რომელიც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს. მას კი, თავის მხრივ პრემიერი დანიშნავს. შემოდის მეორე ე.წ. გასაღებიც, რომელიც უზენაეს სასამართლოში, კონკრეტულ მოსამართლეს ექნება. ცვლილებების პაკეტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.