18, დეკემბერი 2017 17:26:00
საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. არასამთავრობო სექტორს კანონპროექტთან დაკავშირებით ორი ძირითადი შენიშვნა აქვს, ერთი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას, მეორე კი შესყიდვებს შეეხება. საიას თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესყიდვების ნაწილს მაღალი კორუფციული რისკი ახლავს, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია კანონმდებლობაში კორუფციული გარიგებების სამართლებრივი საფუძველი გახდეს. რაც შეეხება რეკლამის ნაწილს, სულხან სალაძის განცხადებით, იმ პირობებში როცა საქართველოში სარეკლამო ბაზარი მცირდება, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან მომავალ წელს 52 მლნ ლარს აღწევს, მაუწყებელი აღარ უნდა ითხოვდეს სარეკლამო დროის გაზრდას. ეს პირდაპირ ნიშნავს კერძო მაუწყებლებისთვის არსებობის საშუალების შეზღუდვას. 14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.