13, თებერვალი 2018 17:02:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია - ამის შესახებ განცხადებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ავრცელებენ, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ. სარჩელის შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა დასაბუთებული განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმეზე დროული რეაგირება ითხოვეს. საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომენტარი არ კეთდება. თუმცა პრესცენტრში განმარტეს, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი 20 თებერვალსაა ჩანიშნული. ცნობილია, რომ საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.