10, იანვარი 2017 11:20:00
ბათუმის საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრი სტუდენტებით დაკომპლექტდება. შესაბამისი გადაწყვეტილება აკადემიის რექტორმა მიიღო და მუსიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ორკესტრში დასაქმებული იყვნენ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ რექტორის გადაწვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და ორკესტრი ფუნქციონირებას შეწვეტს, ვინაიდან მუსიკოსების მუშაობა შრომატევადია, სტუდენტები კი დროის სიმცირის გამო რეპეტიციებს სრულყოფილად ვერ დაესწრებიან.
ორკესტრის თანამშრომლებს აკადემიის რექტორმა უპასუხა. ირაკლი შარაბიძის განცხადებით, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ხელშეკრულება მხოლოდ ოთხი მუსიკოსს არ გაუგრძელდა. 6 კი უხელფასოდ მუშაობდა. მათგან ანაზღაურება მხოლოდ დირიჟორს ექნება, რომელიც მუშაობას სტუდენტებთან გააგრძელებს.
ბათუმის საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა, იმ დროისათვის გუნდი მხოლოდ სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული და მათ დირიჟორი ხელმძღვანელობდა. ორკესტრი ხშირად მონაწილეობდა ზღვისპირა ქალაქისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში.