20, თებერვალი 2017 20:23:00
,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძის სასამართლო ხვალ გაიმართება, ამ დროისთვის ის თავისუფალია. საჯარო მოხელის საქმიანობისთვის ხელშეშლის მცდელობის გამო სამართალდამცავებმა ღოღობერიძე დღეს დააკავეს. იგი აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული ტენდერის შეჩერებას მოითხოვდა. იგი დღეს მჯდომარე აქციის დაწყებას უწყების ხელმძღვანელის კაბინეტში გეგმავდა. ღოღობერიძეს მიაჩნია, რომ დეპარტამენტში დამატებით 320 ათასი ლარის გამოყოფის აუცილებლობა ამ ეტაპისთვის არ დგას. მას პრეტენზიები აქვს უწყების მუშაობასთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების გაწმენდა სრულყოფილად არ მიმდინარეობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გაკეთებულია და ღოღობერიძის მოთხოვნის გათვალისწინებას არ გეგმავს.