24, თებერვალი 2017 17:20:00
ცვლილებები ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონში. კანონპროექტი ძალაში პირველი სექტემბრიდან უნდა შევიდეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც ცვლილებებს მოყვება, გულისხმობს, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ, დამხმარეებს კი აღმზრდელის სტატუსი. რაც შეეხება კრიტერიუმებს, სტატუსს ის სპეციალისტებიც მიიღებენ, რომლებსაც აქვთ სპეციალური დიპლომი, ან სპეციალიზირებული განათლება კოლეჯის, თუ პროფესიულ დონეზე. ასევე სტატუსის მიღება შეეძლება მონათესავე სპეციალობის დიპლომისა და ამავდროულად ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პირს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მესამე კრიტერიუმი განსაკუთრებით შექმნის პრობლემებს. გამომდინარე იქედან , რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის სპეციალობაზე საბაკალავრო პროგრამები არ ხორციელდებოდა, კადრები არ არსებობს, ახლადგახსნილ ბაღებში კი სწორედ სხვადასხვა სპეციალობის კადრები მუშაობენ, რომელთაც კანონით მოთხოვნილი გამოცდილება არ აქვთ.