21, აგვისტო 2018 20:41:00
მასწავლებლების მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოხვედრის მსურველთათვის რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება. პედაგოგებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის, აჭარაში აღნიშნული პროგრამა ბათუმის შოთა რუსთაველისა და ხელოვნების უნივერსიტეტში მოქმედებს. ბსუ-ში მიმდინარე წელს ერთწლიან სასწავლო კურსზე 50 ვაკანტური ადგილია. რაც შეეხება ხელოვნების უნივერსიტეტს, 2018-19 სასწავლო წლისთვის აქ 8 მსურველის მიღებას გეგმავენ, მათ შორის 5 სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. საქართველოს მასშტაბით მასწავლებლების მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა 12 უმაღლეს სასწავლებელში მოქმედებს.