18, სექტემბერი 2018 11:58:00
ლუკა, საბა, რატი, მათე და ყველაზე უმცროსი შიო - მამა შვილების აღზრდაში მეუღლესთან ერთად თანაბრადაა ჩართული. მრავალშვილიანი ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ,,რა თქმა უნდა დღეს ხუთი შვილის აღზრდა საკმაოდ რთულია, ფინანსური პრობლემებიც გვექმენა ხოლმე, მაგრამ, როგორც კი ბავშვების ღიმილიანი სახე მახსენდება, პრობლემები იმ წუთში მავიწყდება და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ“ - ამბობს ბიძინა დუმბაძე.
უფროსი შვილი მეცხრე კლასის მოსწავლეა, მანამდე ორი წლის განმავლობაში კომაროვის სკოლაში სწავლობდა, თუმცა ფინანსური პრობლემის გამო, დაწესებულების შეცვლა მოუწია. უმცროსი შვილი - შიო, მალე ბაღში დაიწყებს სიარულს.
მამის ყველაზე დიდი ოცნება შვილების განათლებაა და სურს, რომ ღირსეული შვილები აღზარდოს. ბიძინას ხშირად საზოგადოებაში არსებული დამოკიდებეულებების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა - ,,ხშირად მეუბნებიან, ბიჭი შვილები გყავს და ახლა ერთი გოგოც გინდაო. ყველაფერი ღვთის ნებაა, ჩემთვის მთავარია ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ“. ფიქრობს, რომ ხუთი შვილი არც ისე ბევრია, რადგან თვითონ, 13 დედმამიშვილიდან მეთორმეტეა.