23, სექტემბერი 2018 18:53:00
მსოფლიო 43 - ე საჭადრაკო ოლიმპიადა დღეს იწყება. გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ბლექ სი არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება. ,,43 - ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, უპრეცენდენტო სპორტული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ისტორიაში. ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება ფიდეს კონგრესი და საპრეზიდენტო არჩევნები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მსოფლიო სპორტული სამყაროს ყურადღება ფოკუსირებულია ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე" - აცხადებს ფიდეს კონსულტანტი და კონგრესის დირექტორი სოფიო ბაკურიძე. სპეციალურად ბათუმის ოლიმპიადისთვის ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ მუსიკა შექმნეს,ნინო ანანიაშვილი კი ილიკო სუხიშვილის მიერ შექმნილ ახალ ცეკვას შეასრულებს. ორგანიზატორები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი გააერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების წინაშე წარსდგებიან: ნინო ქათამაძე, გიორგი უშიკიშილი, ფოლკლორული ანსამბლი ,,ლაშარე", ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ანსამბლი ,,სუხიშვილები" და ა.შ ფესტივალის გახსნის ღონისძიების რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა. რაც შეეხება შეჯიბრს, ის უკვე ხვალიდან დაიწყება. მსოფლიო 43 - ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე 189 ქვეყნის 4 ათასამდე მონაწილეა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.