27, სექტემბერი 2018 14:35:00
დიდაჭარის ქუჩა სრულად, ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩა კი ნაწილობრივ, შესაძლოა ისევ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაუბრუნდეს. მუნიციპალიტეტში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დასამტკიცებლად, ხვალ, საკრებულოს სხდომაზე წარადგენს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული ცენტრი. ხელვაჩაური კი, ქვეყნის მასშტაბით ალბათ ერთადერთია, სადაც ეს წესი დარღვეულია. მუნიციპალიტეტის შენობაც კი, ქალაქის საზღვრებს ეკუთვნის. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ,“ - აცხადებს ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტან ლორთქიფანიძე.
დოკუმენტის ავტორებს იმედია აქვთ, რომ დეპუტატები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, რის შემდეგ, იგი ბათუმის მერიას გადაეცემა, რადგან აღნიშნული ტერიტორიები უკვე რამდენიმე წელია, რაც ქალაქის შემადგენლობაშია. პროცედურების გათვალისწინებით, დოკუმეტი მოგვიანებითსამთავრობო კომისიაში გაიგზავნება, განხილვის შემდეგ კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. რა ვადებში დასრულდება პროცედურები, ამ ეტაპზე უცნობია.
აღნიშნული ტერიტორიები ბათუმის მერიას წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს გადაეცა.