ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ დააკმაყოფილდა

12, ოქტომბერი 2018 20:06:00

ქობულეთის მერია სასამარლომ გაამტყუნა. საქმე უწყების წინაღმდეგ  სახალხო დამცველის სარჩელს ეხება.  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უწყება დაავალდებულა, რომ  მუსლიმთა პანსიონი   წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე დააერთოს. გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი და როდის გაიხსნება მედრესე?

4 წლიანი სასამართლო დავა ქობულეთის მერიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის დასრულებულია. მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ,  ომბუდსმენის სარჩელი დააკმაყოფილა. ქობულეთის მერიას, მუსლიმთა პანსიონისთვის წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთება დაევალა. 

გაასაჩივრებს თუ არა ქობულეთის მერია მოსამართლის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია. უწყებაში სამოტივაციო ნაწილის გაცნობამდე ვერ აკონკრეტებენ სამომავლოდ როგორ მოიქცევიან. 

პანსიონის დირექტორის თქმით, ისინი თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოსამართლე მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას. როგორც ნერიმან ძირკვაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მერიის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ უწყება უახლოეს პერიოდში ტერიტორიის წყლით უზრუნველყოფას მოახდენს, ძირკვაძის განცხადებით დაწესებულება ფუნქციონირებას დაიწყებს. 

სახალხო დამცველის აპარატში საუბრობენ, რომ ადგილი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა. 

პანსიონს წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთებისთვის თანხა გადახდილი ჰქონდა, თუმცა ქობულეთის იმჟამინდელმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, მუსმიმების მოთხოვნის გათვალისწინება საჭიროდ არ ჩათვალა. ყოფილმა გამგებელმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. 

რატომ აპროტესტებდნენ ადგილობრივები მედრესესთვის წყალანირების სისტემის დაერთებას და რა მიზეზით არ აძლევდნენ მერიას საშუალებას სამუშაოები განეხორციელებინა? - მედრესეს მიმდებარედ მცხოვრებლებმა დღეს ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. 

ფაქტი ქობულეთში 2014 წელს მოხდა. მოსახლეობამ მუსლიმ თემს, პანსისონის გახსნის საშუალება არ მისცა. მეტიც, ადგილობრივებმა შენობის კარზე, ღორის თავი მიაჭედეს, რამაც მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ფაქტზე გამოძიება შსს-მ 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 


დღის ამბები