12, იანვარი 2017 11:10:00
ბათუმის სასპორტო სკოლის ადმინისტრაციული ნაგებობისა და ორი ფლიგელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აჭარის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპორტი და სპორტის განვითარება რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არა მარტო ჯანსაღი თაობის აღზრდის თვალსაზრისით, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც. ამიტომაც სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სასპორტო სკოლას, რომლის ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა, წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სკოლის ადმინისტრაციული, ე.წ „ბასკოს“ შენობა არ არის პრივატიზებული და ის არ ექვემდებარება დემონტაჟს.