21, ნოემბერი 2018 20:02:00
15 წლის მოციგურავე და მხატვარი ბათუმიდან. მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გოგოს ისტორიას გაგიზარებთ. ინგა ფუტკარაძე დროს საციგურაო მოედანსა და სამხატვრო სივრცეს შორის ანაწილებს.
საციგურაო მოედანზე სრიალი 4 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. ბევრი დამსახურებული ჯილდოს გარდა, 2016 წელს ფიგურულ სრიალში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
15 წლის მოციგურავე თავისუფალ დროს ვარჯიშს უთმობს. მიაჩნია, რომ ყველა ახალგაზრდა ფიზიკური აქტივობითა და შემოქმედებით უნდა დაკავდეს. ერთი მთავარი მიზანი აქვს - იყოს წარმატებული.
გარდა ფიზიკური აქტივობისა, ინგა ფუტკარაძე სახვითი ხელოვნებითაცაა გატაცებული. 10-მდე ,,გრაფიკული აბსტრაქცია“ უკვე შექმნილი აქვს. მისთვის როგორც ფიგურული სრიალი, ასევე ხატვაც ძალზედ საპასუხისმგებლოა.
ახალგაზრდა ხელოვანის პერსონალური ნამუშევრები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. ნახატები საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.