რას გულისხმობს თმენის ვალდებულება

რას გულისხმობს თმენის ვალდებულება  და როგორ ესმით კანონით  დაკისრებული მოვალეობა სიძულვილის ენით მოსაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს. ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ თავდასხმების ფაქტებმა ხელისუფლების მხრიდან იმატა. გადასაღებ მოედანზე, მედიის წარმომადგენლებს საქმეზე ორიენტირების ნაცვლად, ძირითადად, რესპონდენტების მხრიდან, თავდასხმების მოგერიება უწევთ.

 

რაც, დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან წახალისებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ  ხშირად მედიის წარმომადგენლები ბულინგის მსხვერპლნი კრიტიკის გამო ხდებიან. არადა კანონით გათვალისინებულია, რომ თმენის ვალდებულება გამომდინარეობს ანგარიშვალდებულებიდან. როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდს თმენის ვალდებულებაზე არაფერი სმენია ან კიდევ უარესი, კარგადაც იცის და კანონად გაწერილ ნორმას, მარტივად უგულებელყოფს. რას ითვალისწინებს თმენის ვალდებულება.

 

მედია კომუნიკაციის მთავარი შესაძლებლობაა პოლიტიკოსებისა და საჯარო პირებისთვის, მათი განწყობებისა თუ ხედვების საზოგადოებისთვის გასაცნობად. მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.

 

ის ითვლება მაკონტროლებლად და ეს ფუქნცია არის ასევე, შანსი საზოგადოებისთვის, რათა ინფორმირებულები იყვნენ. პოლიტიკოსებს აქვთ ვალდებულება უპასუხონ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს, მათ შორის კრიტიკულს.  რის გამოც, ხშირად, მედიის წარმომადგენლები თავდასხმის, ბულინგის, დამცირებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთი, მაგალითები,  უკვე თითქმის ყოველდღიურად გვხვდება, რაც დაბალი დემოკრატიის ხარისხზე მიუთითებს.

 

 

ხელისუფლებას, ბოლო დროს, ხშირად ავიწყდება თმენის ვალდებულება. ჩნდება განცდა, რომ მმართვალი გუნდის ლიდერები ვერ აცნობიერებენ მის მნიშნველობას, რომ თმენის ვალდებულება გამომდინარეობს ანგარიშვალდებულებიდან. ეს ორი საკითხი ერთმანეთზეა დამოკიდებული და შეუძლებელია მათი ერთმანეთის გარეშე განხილვა.

 

ანგარიშვალდებულების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო სექტორში ვინაიდან პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მმართველობაში. ისინი საზოგადოების თვალში წარმოადგენენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას და მთლიანად სახელმწიფოს.

 

შესაბამისად, მათ ეკისრებათ ვალდებულება, საჯარო სამსახურის სახისა და რეპუტაციის შესანარჩუნებლად, მოისმინონ და გაითვალისწინონ საზოგადოების კრიტიკული აზრი; შეასრულონ თავიანთი მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელების წინაშე. სწორედ ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის დაცვა მოეთხოვებათ საჯარო მოსამსახურეებს დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში.

 

თმენა, კლასიკური გაგებით, გულისხმობს პიროვნების თუ ორგანიზაციის მიერ პრობლემისა და კრიტიკის მიმღებლობას, რაც გაღიზიანებასა და  აღშფოთებას გამორიცხავს. საიაში ამბობენ, რომ დღევანდელი მოცულობის გათვალისწინებით, ოცნების ხელისუფლების ლიდერები ტრიბუნებიდან, პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებენ. პაატა დიასამიძე გამოსავალს პოლიტიკური კულტურის ამაღლებაში ხედავს.

 

ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამობობენ, რომ მსგავსი ფაქტები, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ქვეყანას,  შეურაცხყოფს.

მალხაზ ჭკადუას თქმით, საქართველში ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება. როგორც ჭკადუა ამბობს, უნდა შეიქმნას პრეტენდენტი, რომ მსგავს ფაქტებს, შესაბამისი უწყებებისგან, ასევე, მმართველი გუნდისგან,  რეაგირება მოჰყვება. იგი აუცილებელ პირობად მიიჩნევს, რომ  მსგავსი საკითხები, ეთიკის კოდექსის ფარგლებში იქნას შესწავლილი.

 

ჟურნალისტების მიმართ, პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებას გმობს ექსპერტი მედიის საკითხებში. ნათია კაპანაძე იხსენებს ფაქტებს, როცა მედიის წარმოამდგენლებს, საქმიანობაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფას აყენებდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოქალაქეც.

 

კაპანიძის თქმით, მსგავს ფაქტებს, მეტწილად, სწორედ, ხელისუფლების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ახალისებს. იგი ასევე იხსენებს, მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მიკროფონის წართმევის ფაქტსაც.  მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ ევროპასთან ასოცირების პროცესში, აუცილებელია, მოცემულობა რადიკალურაედ შეიცვალოს და მედიის დისკრედიტაციის მცდელობა დასრულდეს.

 

დაცინვა, სიძულვილის ენა, თავდასხმა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა -  ეს ქმედებები, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჟურნალისტების მიმართ ხშირია. ყველაზე მეტად კი, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებმა იმატა. გადასაღებ მოედანზე, მედიის წარმომადგენლებს საქმეზე ორიენტირების ნაცვლად, ძირითადად, რესპონდენტების მხრიდან, თავდასხმების მოგერიება უწევთ.

 

ამ ფონზე კი, მმართველი გუნდი, მუდმივად, დემოკრატიის მაღალი ხარისხითა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფით იწონებს თავს. როგორც ჩანს, სახელისუფლებო გუნდს თმენის ვალდებულებაზე არაფერი სმენია ან კიდევ უარესი, კარგადაც იცის და კანონად გაწერილ ნორმას, მარტივად უგულებელყოფს.

მეტის ნახვა