საავადმყოფომ ოჯახს განუცხადა, რომ პოლიციამ გადაიყვანა, ხოლო ადგილზე მისულებს უთხრეს, რომ გაწერეს და პოლიციას არ წაუყვანია | წერს საია გელა ნადირაძის საქმეზე

გელა ნადირაძე

ანტირუსული აქციის მონაწილის, გელა ნადირაძის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ 1 საათის წინ ოჯახს აცნობეს, რომ ნადირაძე საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტელეფონით უთხრეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე:

"2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე.

ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა,  ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება."  -  აცხადებს საია

მეტის ნახვა