30, იანვარი 2019 20:04:00
ცეცხლაურის ნაგავსაყრელი. პროექტი, რომლის განხორციელება თითქმის 10 წლის წინ დაანონსდა და დღემდე ვერ დაიწყო. არაერთი ხელისუფლების პირობებში გაჟღერებული დაპირება , რომელიც ვერ შესრულდა. რა აფერხებს ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყებას? კომპანიის უპასუხისმგებლობა თუ მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკა?
ბათუმში, 14 უკანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 6 მილიონი კვადრატული მეტრი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გროვდება. მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა შემუშავებული აქვს, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 100 პლასტმასის ევროკონტეინერი, საწარმოებს მიეწოდა სახიფათო ნარჩენების ეფექტური მართვის კომერციული სერვისი, ასევე, გამოცხადებულია ტენდერი სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის ავტომანქანის შესაძენად - ანალიტიკოსს, რომელმაც საკითხზე კვლევა ჩაატარა, მიაჩნია, რომ გაწეული სამუშაოები საკმარისი არ არის.
ნარჩენების ტრანსპორტირება ადლიის დასახლებაში ნაგავსაყრელ პოლიგონზე ხდება, რომელიც 1965 წლიდან ფუნქციონირებს. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი მდინარის წყალდაცვით ზოლში მდებარეობს, ამიტომ ბინძურდება მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები. ნაგავსაყრელი არ არის შემოღობილი, ამიტომ მასში შეღწევა მარტივია. პოლიგონზე ნარჩენებით იკვებება პირუტყვი, რაც დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.
სოფელ ცეცხლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2010 წლიდან დაანონსდა, თუმცა პროცესი დღემდე არ დაწყებულა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადლიის ნაგავსაყრელი უნდა დაიხუროს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საკითხის გაჭიანურება ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის სამართავად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ჰიგიენა 2009“ დააფუძნა, რომლის ბიუჯეტიდანაც 5 მილიონამდე ლარის მიტაცებისთვის საწარმოს დირექტორი სასჯელს იხდის. მოქმედი დირექტორი ირწმუნება, რომ პროექტის შეფერხება დანაშაულს არ გამოუწვევია.
შპს „ჰიგიენა 2009“-ში განმარტეს, რომ თუ ყველა პროცედურა დროულად ჩატარდა, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. საკითხზე დღეს, ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურში კომენტარი არ გაკეთდა.