12, იანვარი 2017 11:21:00
ქვედა თხილვანაში მიწის მასა გუშინ გამთენიისას ჩამოწვა და საფრთხე 61 ოჯახს შეუქმნა. დამეწყრილი ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან კილომეტრნახევარში მდებარეობს, თუმცა მეწყერს მდინარის კალაპოტი აქვს ჩაკეტილი. ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე თოვლის დნობისას კვალდაკვალ მოიმატებს.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ტერიტორია 70-იანი წლების შემდეგ ეროზირებულია, რის გამოც მდინარესთან ახლოს მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებამ სხვადასხვა რეგიონში გაიყვანა. მეწყრული მოვლენების გააქტიურებამ ამჯერად საფრთხე მთელ სოფელს შეუქმნა.
დამეწყრილი ტერიტორია უკვე შეისწავლა აჭარის გეოლოგიურმა სამსახურმა. მამუკა ფუტკარაძის განმარტებით, მდგომარეობა რთულია და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. გეოლოგიური დასკვნა მომდევნო კვირისთვის მომზადდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გადაწყდება თუ როგორ დაეხმარებიან მოსახლეობას.
ტერიტორიას, სადაც მეწყერი განვითარდა, მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა.