12, იანვარი 2017 11:20:00
ეს ის ადგილია, სადაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის 4 კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2016 წლის ივნისიდან აქ არაფერი შეცვლილა. მშენებარე ობიექტის ბედი კვლავ გაურკვეველია. მშენებლობა შეჩერებულია, მერია კი წინასწარ გადახდილ თანხას ისევ ვერ იბრუნებს. ხშირად დასმული კითხვები ქალაქის მერს აღიზიანებს. გიორგი ერმაკოვი ირწმუნება, რომ „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ მითვისებული 1 600 000 ლარის ამოღებას ბრიტანული ბანკისგან ცდილობენ, რომელიც კომპანიას გარანტორად დაუდგა.
საგარანტიო ბანკისთვის მიწერილი წერილი, რომელზეც ქალაქის მერი უკვე თვეებია საუბრობს, ვერ გადავიღეთ. დოკუმენტის გასაჯაროვებაზე უარი მივიღეთ. თვითმმართველობაში არც იმაზე საუბრობენ, რა პასუხი მიიღეს საგარანტიო ბანკისგან ან საერთოდ, ჩაბარდა თუ არა დოკუმენტი ადრესატს. ეს არც საკრებულოს წევრებმა იციან. ოპოზიაციას თანხის დაბრუნებაშიც ეპარება ეჭვი.
კითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორშიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქარველოსთვის“ გაუგებარია, რატომ არ მიმართავს ბათუმის მერია ამ დრომდე სასამართლოს.
ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობის დასასრულებლად 2017 წლის ბიუჯეტში მერიას თანხები გათვალსიწინებული არ აქვს, თუმცა მერი პირობას დებს, რომ ფინანსები ბიუჯეტში ცვლილებების შემდეგ გამოთავისუფლდება.
აზერბაიჯანულ კომპნია „კონვენტ ჯორჯიას“ ბათუმის მერიამ 3 800 000 ლარად ღირებული პროექტიდან 1 800 000 ლარზე მეტი წინასწარ გადაურიცხა. აქედან კი კომპანიამ მხოლოდ 200 000 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, კერძოდ, 4 კორპუსიდან ორის საძირკველი მოამზადა. მერიის ინფორმაციით, საგარანტიო თანხა 1 600 000 ლარია.