12, იანვარი 2017 11:18:00
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ინგა შამილიშვილის წარდგინებით ლაშა ჩავლეშვილი დაინიშნა. მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მიიღო. მინისტრი ჩალეშვილისგან რეგიონში სპორტის კიდევ უფრო განვითარებას დაა ღონისძიებების გააქტიურებას ელოდება.
დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე ჩავლეშვილი ამავე სამსახურში თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.შესაბამისად, ამ ეტაპზე უწყებაში მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოზიციაზე მინდია ქათამაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც უწყებაში სპორტის სამსახურს ხელმძღვნელობს. ახლადდანიშნული თავმჯდომარე დეპარტამენტში რეორგანიზაციას არ გეგმავს, მთავარ პრიორიტეტად კი წლის განმავლობაში, რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს.
საკადრო ცვლილებებია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტშიც. უწყებაში უფროსის მოადგილედ ჯაბა ბერიძე დაინიშნა. იგი პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრია. სულხან ღლონტის განმარტებით, შერჩევისას მან ყოფილი თანაგუნდელის გამოცდილებით და კარგი რეპუტაციით იხელმძღვანელა. თანამდებობას ინარჩუნებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოფო ლაზიშვილი, რომელიც უწყებაში წლებია მუშაობს. რაც შეეხება რაულ აბულაძეს, მას დეპარტამენტში სხვა თანამდებობა შესთავაზეს.
რაც შეეხება თავად ჯაბა ბერიძეს, იგი უწყებაში შესყიდვებისა და ფინანსების მიმართულებას უხელმძღვანელებს. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე ბათუმის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და ფრაქცია "ბათუმის" წევრია. იგი საკრებულოს წევრის მანდატის დათმობას არ აპირებს. მთავარ ამოცანად კი საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას ასახელებს.
არის თუ არა შეუსაბამობა ჯაბა ბერიძის ახალ თანამდებობასა და საკრებულოს წევრობასთან? ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში ამბობენ, რომ არა.
ამ დრომდე ვაკანტური რჩება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობები. აჭარის განათლების მინისტრი ადასტურებს, რომ სააგენტოს უფროსის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.