20, მარტი 2019 20:04:00
რა ბედი ელის ე.წ ლუჟკოვის სახლს? ტერიტორიაზე კომპანია 3 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. საკითხი დღეს ხმაურის ფონზე განიხილებოდა. პროექტს მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება. არგუმენტად ეკოლოგიულ საფრთხეებსა და ქალაქის იესახის დამახინჯებას ასახელებენ. ახლა იქაურობის მომავალი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს .
საკრებულოს დარბაზში უმრავლესობის წევრსა და არმაზ ახვლედიანს შორის უთანხმოების მიზეზი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობა იყო. შპს ,,ალიანს სიტის’’ წარმომადგენლებმა ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშნებლობებთან დაკავშირებით საჯარო პრეზენტაცია გამართა. არსებული კორპუსის ნაცვლად, ტერიტორიაზე სამი მაღალსართულიანი შენობა აშენდება. ყველაზე მაღალი 50 სართულიანი იქნება.
არმაზ ახვლედიანის პროტესტი დარბაზში მერიის წარმომადგენლების არყოფნამ გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ ქალაქში ზღვის პირას მაღალი შენობები არ უნდა აიგოს. თუმცა მერია მოსახლეობის ნაცვლად ბიზნესის ინტერესებს იცავს.
ორად გაიყო დარბაზში დამსწრე ადამიანების აზრი, მოქალაქეების ნაწილი ახალი მშენებლობისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ დაიფარება ზღვის ხედი და ქალაქში ჟანგბადის ნაკლებობა ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
გეგმის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სრული ფართობი 5 800 კვადრატული მეტრი იქნება, აიგება სასტუმრო და ბიზნეს ცენტრი, მოეწყობა საპარკინგე ტერიტორია. თუმცა აღნიშნულ ზონაში გარკვეული შეზღუდვები არსებობს და მერიამ საცხოვრებელი ზონა ბიზნეს ზონით უნდა შეცვალოს.
დღეს წარმოდგენილი პრეზენტაცია პროექტის წინა ესკიზს წარმოადგენს, როცა პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, კომპანია საჯარო განხილვებს ისევ გამართავს.