29, მარტი 2019 20:01:00
კიდევ ერთი ახალი ჰესი შუახევში. რატომ ეწინააღმდეგებიან მდინარე ჩირუხის წყლის მიმდებარედ ობიექტის მშენებლობას ადგილობრივები და რა რისკებს ხედავენ ეკოლოგიის ექსპერტები?
შუახევის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი ახალი ჰესი აშენდება. „გოგინაურის ჰესის“ პროექტი, რომელსაც კომპანია „ალტერ ენერჯი“ ახორციელებს, მდინარე მოდულის წყალზე მოეწყობა და 4,7 მეგავატი სიმძლავრისა იქნება. პროექტი არ ითვალისწინებს გვირაბისა და დიდი კაშხალის მშენებლობას, რაც შეეხება წყალსაცავ - შეგუბება დაახლოებით 720 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის წინააღმდეგია.
მდინარე ჩირუხის წყლის მიმდებარედ მოსახლეობა მიწებს ამუშავებს. სოფელში მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰესის ასაშენებლად ადგილობრივების სარგებლობაში არსებული ნაკვეთების ათვისება მოხდება მოსახლეობა დაზარალდება.
მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, თუ სოფელი სარგებელს მიიღებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის შეფასებით, პროექტის განხორციელება მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ომარ ტაკიძის დასძენს, რომ მათ ბალანსზე არსებული ტერიტორიების გამოყენების მიზნით კომპანიამ მერიას წერილობით უკვე მიმართა
პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ „გოგინაურის ჰესი“ იმდენად მცირე მასშტაბისაა, რომ მისი მშენებლობა გარემოს ზიანს ვერ მოუტანს. გიორგი მარგებაძის თქმით, ჰესისთვის მხოლოდ მოდულის წყალს გამოიყენებენ, შესაბამისად ჩირუხის წყალს დაშრობის საშიშროება არ ემუქრება.
მცირე ჰესები არ არის წამგებიანი, თუმცა გარკვეული რისკები არსებობს - ასე ფიქრობ ეკოლოგი. კახაბერ გუჩმანიძის მოსაზრებით, სადაც ჰესი შენდება მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. სპეციალისტი კვლევების ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„გოგინაურის ჰესი“ ევროპულმა კომპანიამ დააპროექტა. შ.პ.ს „ალტერ ენერჯი“ ჰესის მშენებელ კომპანიას ელექტრონული ტენდერით შეარჩევს. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელებას წელიწადი და ორი თვე დასჭირდება, რისთვისაც ოთხი მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.