03, აპრილი 2019 20:02:00
მაჭახელას ხეობაში მცხოვრებლების უცვლელი მოთხოვნები. ხელვაჩაურელებმა დღეს ჰესის მშენებლობა პოლიციის განყოფილებასთან, მსვლელობით გააპროტესტეს. რატომ დაიბარეს მოქალაქეები დაკითხვაზე და ცდილობს თუ არა სახელმწიგო ამ ფორმით ადგილობრივების გაჩუმებას?
ამ შინაარსის შეძახილებით მაჭახლის ხეობაში მცხოვრებლები ხელვაჩაურის განყოფილებასთან მსვლელობით მივიდნენ. პროტესტი ამჯერად თანასოფლელების გამოკითხვაზე დაბარებამ გამოიწვია. ქედქედში მინი ჰესის მშენებლობას კომპანია “ბიჯი თრეიდი” გეგმავს. გუშინ კომპანიის წარმომადგენელსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა 4 მოქალაქის დაკითხვაზე დაბარება. მაჭახლის ხეობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ მეთოდით მათი დაშინება და გაჩუმება სურთ.
ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებაში მოძრაობა “სიტყვის კაცების” წარმომადგენლები, უფლებადამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი შევიდა. გადაწყდა, რომ ხვალ გამოკითხვაზე ადგილობრივებს მათ მიერვე არჩეული ერთი მოქალაქე წარადგენს.
ხეობაში მცხოვრებლებმა პოლიციის განყოფილებიდან მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ჯუმბერ ვარდმანიძისგან კომისიის შექმნას მოითხოვდნენ, რომელიც დეტალურად შეისწავლის ხეობაში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ შესაძლო რისკებს. ვარდმანიძემ აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ მათი ნების საწინააღმდგეოდ ხელისუფლება არ წავა.
კომპანია “ბიჯი თრეიდში, ” რომელიც სოფელში მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, აცხადებენ, რომ კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვა აქვთ, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო სამუშაოებს ვერ იწყებენ.
მაჭახლის ხეობაში მცხოვრებლები სოფელში ჰესების მშენებლობის ნაცვლად ტურიზმის განვითარებას ითხოვენ.