22, მაისი 2019 21:07:00
სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგო ხელს „ქართული ოცნების“ წევრისკენ იშვერს. ახალგაზრდა ყვება, რომ პედაგოგი თამამის სელფების გაგზავნას სთხოვდა. გამოძიება გახარიას უწყებამ უკვე დაიწყო. ფაქტის მოკვლევას აპირებს საგანმანათლებლო დაწებულებაც.
მსგავსი შინაარსის შეტყობინებები ბსუ-ს მეორე კურსის სტუდენტმა 15 დღის წინ მიიღო. 19 წლის გოგო სამართლის ერთ-ერთ ლექტორს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს.
სტუდენტის მტკიცებით, ლექტორი მისგან ისეთი ფოტოების გაგზავნას ითხოვდა, თითქოს ზღვაზე არის საბანაოდ. მიმოწერას თან ახლდა ფოტოსურათებიც. ერთ-ერთ კადრში კი წელს ქვედა ნაწილი იყო აღბეჭდილი.
მსგავსი დიალოგის აკრძალვის მიუხედავად, ლექტორი მიმოწერას კვლავ აგრძელდებდა, რის შემდეგად სტუდენტმა ფაქტის გასაჯაროება გადაწყვიტა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმირებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ ვითარებას სპეციალური ეთიკის კომისია შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია, რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის კიდევ ერთი ლექტორის მიერ სტუდენტზე შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტი. მესამე სექტორში საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ორგანიზაცია“ იალქანის“ ხელმძღვანელის თქმით, ადამიანი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა დასჯის ნაცვლად, საპატიო ბათუმელის სტატუსი მიანიჭეს.
რატომ არ შეისწავლა მაშინ, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ სტუდენტზე შესაძლო შევიწროების ფაქტი? უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განაცახდეს, რომ კონკრეტული შემთხვევა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.
სტუდენტს მიაჩნია, რომ ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატი და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანია დიდი გავლენები აქვს, თუმცა იგი დათმობას არ აპირებს. გამოძიების შედეგებს ელოდება ადამიანის უფლებათა დამცველი.
„ხელს არავის არ ვაფარებთ“ - ასე გამოეხმაურა თანაგუნდელის გარშემო ატეხილ სკანდალს ბათუმის საკრებულოს თავჯდომარე. სულიკო თებიძე ამბობს, ამ თემაზე უმრავლესობის წევრებს ჯერ არ უსაუბრიათ.
სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ლექტორთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, რადგან იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებით იმყოფება. გამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტთან საუბრისას ლექტორმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ფეისბუქით თითქმის არ სარგებლობს. საპირისპიროს აცხადებს სტუდენტი.
მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა ლექტორის ლექციებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს, აღნიშნულ პიროვნებას სალექციო კურსის ჩატარების უფლება დროებით შეუჩერეს. მივლინებაში მყოფი ლექტორი, ქალაქში სავარაუდოდ 28 მაისს დაბრუნდება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.