24, ივლისი 2019 20:50:00
მერიის მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ვიოლეტა ფორჩხიძემ ადვოკატების შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა. გიორგი ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს, თენგიზ პეტრიძეს და კიდევ რამდენიმე თანამდებობის ყოფილ პირს გამოძიება სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება. სასამართლო პროცესს ჩვენი რეპორტიორი ხატია გოგრაჭაძე დაეწრო.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა, არ გაითვალისწინა და გიორგი ერმაკოვთან ერთად, ექვსი ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვა. ვიოლეტა ფორჩხიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ორივე მხარის მიერ, წარდგენილი მტკიცებულებები სადავოა და არსებით განხილვას საჭიროებს.
გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა მოსამართლის საბოლოო სიტყვაში, დაცვის მხარის და ბრალდებულების მიმართ მობოდიშება დაინახა. ლევან მახარაშვილის თქმით, საქმეს რვა გამომძიებელი იძიებდა და საქმეში ბრალდების მხარის მხრიდან, ამ ოდენობის გამამტყუნებელი მტკიცებულებაც კი არ დევს.
არჩილ ვანაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში, საკმარისი მტკიცებულების არ ქონის გამო, დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ტარიელ კაკაბაძემ, განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არა აღმკვეთი ღონისძიების განხორციელება,არამედ ბრალეულობის არ მქონე პირების გაუგებარი მიზეზებით დასჯაა.
დაცვის მხარე, რომელიც პატიმრობის შეჩერებას და გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გადაწყვეტილებას შერჩევით სამართალს უწოდებს. რამინ პაპიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები არ არსებობდა. პაპიძემ პროკურატურა იმ უკრაინულ კომპანიასთან, რომელიც საქმეში ფიგურურებს, კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.
პროკურორმა პაპიძის განცხადება აბსურდად შეაფასა. რამაზ შავაძის თქმით, უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი, ბლაჩენკო ვის სახელზეც გადაირიცხა თანხა, მოწმის სახით პროკურატურის მიერ უკვე დაკითხულია.
მომდევნო სასამართლო სხდომა ექვს აგვისტოს ჩაინიშნა. ბათუმის ყოფილ მერს და მაღალჩინოსნებს პროკურატურა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ისინი წინასწარ პატიმრობაში მაისის შემდეგ იმყოფებიან.