26, ივლისი 2019 20:50:00
რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მეტ ინერტიულ მასალას ქედის მუნიციპალიტეტში მოიპოვებენ. ლიცენზიას ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. უწყება აქ, არამარტო მდინარე აჭარისწყლიდან სილა-ხრეშის ამოღებაზე იძლევა უფლებას, არამედ სოფლებში, ბურღვა - აფეთქების გზით მოპოვებაზე. რა პრობლემებს ქმნის სამუშაოები მუნიციპალიტეტში? ეკატერინე ბარამიძის სიუჟეტიდან გაიგებთ
აფეთქების გზით, ინერტიულ მასალას ქედაში, სოფელ დოლოგანში შ.პ.ს „რასე“ მოიპოვებს. მთას აქ, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლიდან ამოღებული მასა კომპანიას, მაღალი გამავლობის ავტომობილებით, პირდაპირ გააქვს და მისი ადგილზე დაწრეტა არ ხდება. კარიერთან ახლოს მცხოვრები ჯინჭარაძეების ოჯახი წლების წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, რის გამოც სახლი დაზიანდა.
რასეს გარდა, ქედაში ინერტიული მასალის ყველაზე დიდი მომპოვებელი და ადგილზე გადამამუშავებელი კომპანიები „დ.ს პროდაქშენი“, „ორბი“ და „ბილდერს გრუპია“. სამივე მათგანი მოპოვება-გადამუშავებას, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზისა და მდინარე აჭარისწყლის სანაპიროს მიმდებარედ ახდენს. „დ.ს პროდაქშენის“ წარმომადგენელი, რომელიც წარმოებას სოფელ ცხემნაში ახდენს, განმარტავს, რომ სამუშაოები, რაც მტვერს იწვევს, ძირითადად ღამით, ან წვიმიან ამინდში ახორციელებენ.
„ორბი“ კი სოფელ წონიარისში უკვე დასაწყობებულ მასალას ამუშავებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობამდე, დაახლოებით 65 ათასამდე კუბური მეტრი ინერტიული მასა ამოიღეს. რაც შეეხება „ბილდერს გრუპს“ სოფელ დანდალოში მის მიერ წარმოებული მზა სილა-ხრეში, შუახევში, ჰესის მშენებლობისთვის გააქვთ. ამ კომპანიას ნებართვა, უკვე მოპოვებულ, დაახლოებით 60 ათას კუბური მეტრი ინერტიული მასალის გადამუშავებაზე აქვს მიღებული. ქედის საკრებულოს წევრი, ვაჟა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არც ინერტიული მასალის მოპოვებას აკონტროლებს და არც ცენტრალუს საავტომობილი გზაზე, მაღალი გამავლობის ავტომობილების წონას. შედეგად კი მოსახლეობა ზარალდება.
ქედის მერიაში განმარტავენ, რომ თვითმართველობის უფლებამოსილება მხოლოდ ზედამხედველობაა, მერია არც ნებართვებს გასცემს და არც კონტროლზეა პასუხისმგებელი.
ინერტიული მასალის მოპოვებასზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. წიაღისეულის უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, 412 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და 15 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი გამოვლინდა.
სასარგებლო წიაღისეულზე ლიცენზიის პირობებსა და მოპოვებაზე კონტროლს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.