29, ივლისი 2019 20:35:00
როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული მდგომარეობა ბავშვებში? გაერო-ს ბავშვთა ფონდმა კვლევა ჩაატარა. აჭარაში 51%-ს სისხლში ტყვიის ჭარბი ოდენობა დაუდგინდა.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში, სისხლში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ქიმიური ელემენტის დონის განსასაზღვრად, ქვეყნის მასშტაბით სინჯები 1 578 ბავშვისგან შეგროვდა. ასაკობრივი კატეგორია 2დან 8 წლამდე განისაზღვრა.
აღებული სისხლი იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა. აჭარაში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოკვლეულთა 51% დაუდგინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მაჩვენებელი ჩარევას საჭიროებს.
ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება, რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები - ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რისკენ მიდრეკილსაც ხდის ორგანიზმს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა.ტყვიამ, შესაძლოა, შეაფერხოს ბავშვის ტვინის განვითარება, დააქვეითოს ინტელექტის კოეფიციენტი, გამოიწვიოს ანტისოციალური ქცევა, შესაძლოა, ბავშვს გაუჭირდეს სწავლა. ტყვიის შემცველობის დასადგენად ანალიზი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, რაც პედიატრის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება.
პირველი მულტიინდიკატორული კვლევა ტყვიის შემცველობის დასადგენად 2013 წელს ჩატარდა.