15, იანვარი 2017 11:46:00
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხეებს ტოტებს კვლავ აჭრიან, იმისათვის, რომ საავტომობილო გზით გიგანტური მცენარეების ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. ადგილობრივთა ინფორმაციით, ხეების გადაბელვა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება, რასაც ისინი ვერ შეეწინააღმდეგებიან.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ევკალიპტებს ტოტებს აჭრიდნენ ბობოყვათშიც, სადაც სპეციალურ ტექნიკაზე დატვირთულ მაგნოლიას უნდა გაევლო. ათეულობით ხეს ტოტებს ქობულეთის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ჭრიდნენ, რომლებმაც ნებართვა გამგებლისგან მიიღეს. გაჩეხილი ტოტები ადგილობრივებმა წაიღეს.
საკითხს დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთის სანაპიროსთან შეიკრიბნენ, სადაც მაგნოლიას ხე ამ დრომდე რჩება. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აჭარიდან შეკვეთილის მიმართულებით ხეების გადატანა არ შეწყდება ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება. ოპოზიცია შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეც ამახვილებს ყურადღებას.
ბრალდების მიუხედავად, ქობულეთის გამგებელი ირწმუნება, რომ ხეების გადაბელვა მაგნოლიას ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. სულხან ევგენიძე დამთხვევაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ხეებს ტოტები ზამთრის მოახლოების გამო მოაჭრეს, ვინაიდან თოვლის დროს საავტომობილო გზაზე მათი ჩამოვარდნის ფაქტები ფიქსირდება.
ჯერჯერობით უცნობია როდის შეაცურებენ ზღვაში 220 ტონიანი მაგნოლიას. 37 მეტრიანი ხე ქობულეთის სანაპიროზეა. პარალელურად ზღვასთან მისასვლელი გზა კეთდება.