07, ოქტომბერი 2019 21:10:00
ხელისუფლებამ ფაროსანას დამარცხება იზეიმა, მოსახლეობა კი ამ დრომდე მავნებელს ებრძვის. სოფლებში მცხოვრებლები მწერს ვერ უმლავდებიან. ფერმერები ფაროსანას მომრავლებულ რაოდენობაზე საუბრობენ და შიშობენ, რომ ისედაც შემცირებული მოსავალი, ახლა უფრო შემცირდება. ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფაროსანა დამარცხებულად ჩათვალა, თუმცა, რეალობა ასეთია:
ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მკვიდრია. ნიკოლოზ ცეზარიშვილი, სოფელ ლეღვაში, კვლავ ფაროსანას შემოტევაზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, გასული წლის მსგავსად, ფაროსანას შემოსევა, სოფლისთვის, წელსაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. აქ მცხოვრებლების მტკიცებით, მავნებელმა მოსავალი წელსაც გაანადგურა.
თინა ტაკიძე გვიყვება, რომ ზამთრის მოსახლოების გამო, მწერი სახლებში იბუდებს. ადგილობრივებს, მავნებელთან ბრძოლა, საკუთარი ძალებით უწევთ.
სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ შეწამლვითი სამუშაოები, დასახლებაში რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ ამის მიუხედავად, მავნებლის რაოდენობა არ შემცირებულა.
ქობულეთის სოფლებში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიაჩნიათ. უწყების არგუმენტი ისაა, რომ მავნებელი, გასულ წლებში, უფრო დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა.
ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე ფაროსანა სოფლებში კვლავ აქტიურდება. ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართლებით ხელმეორედ გააქტიურდება, მანამდე ადგილობრივებს ძილი უსიამოვნო შეგრძნებების და შიშის ფონზე მოუწევთ.