07, ოქტომბერი 2019 20:59:00
ნაზიბროლა ქობულაძე არკვევდა, სანამდე უნდა იყვნენ მიქელაძეები შიშის ქვეშ? ოჯახი ხელვაჩაურში ცხოვრობს. ეზოში მიწა რამდენიმე ადგილასაა ჩამოშლილი. უკვე რამდენიმე წელია შესაბამის პროგრამაში ჩართვას ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.
ყოველი უამინდობისას მიქელაძეები სახლიდან იმის შიშით გამოდიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. სოციალურად დაუცველი ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანი იზრდება შიშობს, რომ თუ ფერდსამაგრი სამუშაოები დროზე არ ჩატარდება, შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს. მიწა უკვე ორ ადგილას არის ჩამოშლილი და ძლიერი წვიმის დროს საფრთხე იზრდება.
გეოლოგების მიერ შედგენილ დასკვნაში ცალსახად იკითხება, რომ ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. კვლევა რამდენჯერმე ჩატარდა. ოჯახმა მუნიციპალიტეტში წარსადგენი ყველა დოკუმენტი მოამზადა, ფერდსამაგრი სამუშაოების პროგრამაში ჩართვას კი მიქელაძეები 2014 წლიდან ელოდებიან.
ბოლოს მუნიციპალიტეტის პირველ პირს ნიაზ მიქელაძე 16 სექტემბერს შეხვდა. მას უთხრეს, რომ წელს პროგრამაში ვერ მოხვდა და სამუშაოებს, სავარაუდოდ, თებერვალში ჩაატარებენ. თუმცა, დაპირების შესრულების იმედი აქვს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიქელაძეების სახლთან 2020 წელს მიწის შემაკავებელ ერთ საყრდენს გააკეთებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი სამუშაოების პროგრამა 5 წელია მოქმედებს.