16, იანვარი 2017 12:12:00
ლენა მამულაძე, ზაზა ჯაყელი
სოფელ ღურტისა და იაკობაძეების მოსახლეობა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' წინააღმდეგ აქციების განახლებას აანონსებს. ადგილობრივებმა დღეს ხულოს გამგებელთან სცადეს შეხვედრა, მაგრამ როგორც თავად განაცხადეს ბესიკ ბაუჩაძემ მათთან შეხვედრას თავი აარიდა. მოსახლეობის განმარტებით , სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა: დაიბზარა სახლები, დაშრა წყაროს წყლები, გააქტიურდა სტიქიური პროცესები, რაც ტერიტორიაზე შუახევჰესის გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია. ადგილობრივები მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციებს მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვითა და მასობრივი აქციებით იმუქრებიან. შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო ხულოს გამგებელი, თუმცა ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ თხილვანაში 5 დღის წინ განვითარებული მეწყერის გამო აჭარის მთავრობაში შეხვედრას ესწრებოდა. აქციის მონაწილეები კი მისმა მოადგილემ მიიღო. ბაუჩაძის განცხადებით საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.