16, ოქტომბერი 2019 21:15:00
უცნაური ფაქტი ბათუმში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალაქის შუაგულში, ხანდაზმული ქალები ნაგავს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში აგროვებენ. ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული. ადგილზე საშინელი სუნი დგას, მომრავლებულია მღრნელები და ქვეწარმავლები. მარტოხელა დებს ფაქტის მათეული ახსნა აქვთ, თუმცა ტელეკამერების წინ გამოჩენას ერიდებიან. მათივე თხოვნით, სიუჟეტში იდენტიფიცირებას არ ვახდენთ. თუმცა გთავაზობთ პრობლემისგნ შეწუხებული მეზობლების მოსაზრებებს. რას ყვებიან პრობლემით შეწუხებული ადამიანები? ჩემი კოლეგა გიამბობთ
მეზობლებს შორის კამათი ეზოში დაყრილ ნაგავს და მისგან გამოწვეულ ანტისანიტარიას მოჰყვა. ბათუმში, ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მათი მეზობლები რამდენიმე წელია ქალაქში განთავსებული სანაგვე ურნებიდან ნარჩენებს სახლში ეზიდებიან. ამის გამო, მიმდებარე ტერიტორიზე მღრღნელები მომრავლდნენ, ამასთან მეზობლებს გაუსაძლისი სუნიც აწუხებს.
სახლის მეპატრონეები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ამბობენ, რომ მათ სახლში ხანძარი ჰქონდათ და უსარგებლო ნივთები მას შემდეგ დაგროვდა, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებული კადრებში ნახანძრალი არაფერი ჩანს. მათი თქმით, ეზოს დასასუფთავებლად გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ.
,,მაცნეს“ გადამღებ ჯგუფთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, ისინი ადგილზე სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მისვლას დასთანხმდნენ. შპს ,,სანდასუფთავების“ ინფორმაციით, კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობის ნაგვის გატანა ფასიანია, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებენ და ოჯახს ერთჯერადად უფასოდ მოემსახურებიან.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მისამართზე დღესვე იმყოფებოდნენ, ტერიტორიის და სახლის დასუფთავებას კი ხვალ აპირებენ.