06, ნოემბერი 2019 20:08:00
გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა ანგისის დასახლებაში. დაზარალებული სურმანიძეების ოჯახი თურქ ინვესტორს უჩივის. მათ კომპანია „ნევ ბათუმის“ ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულება 3 წლის წინ გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მშენებლობის დასრულების შემდეგ როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართი გადაეცემოდათ. მათივე თქმით, ეს ხელშეკრულება დაირღვა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შპს „ნევ ბათუმის“ ხელმძღვანელობამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და შესაბამისად 3 წელია საცხოვრებლის გარეშე არიან.
აღნიშნავენ იმასაც, რომ სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში 1 კვირის შემდეგ მასშტაბურ აქციებს გააგრძელებენ.
აქციას უფლებადამცველი ხელმძღვანელობდა. თამაზ ბაკურიძემ პროტესტის მიზნად იმ კანონის აღსრულება დაასახელა, რომელსაც უცხო ქვეყნის ბიზნესმენები პატივს არ სცემენ. თურქი ინვესტორის ამ საქციელს ბაკურიძე „ყაჩაღობას“ უწოდებს.
რატომ ვერ ახერხებს რეგისტრაციას სურმანიძეების ოჯახი? კომპანია „ნევ ბათუმის“ იურისტმა მათ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და ისინი საჯარო რეესტრისკენ გადაამისამართა.
ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებამდე სურმანიძეების სახლი იყო, ობიექტის დემონტაჟის შემდეგ, ხელშეკრულების თანახმად, მათ საცხოვრებელი და კომერციულო ფართობები უნდა მიეღოთ, თუმცა მხარეებს შორის დავა ერთი წელია, რაც მიმდინარეობს. კომპანიასა და ადგილობრივს შორის არსებული დავა სასამართლოში გაგრძელდეს.