პატიმრობა სიმთვრალისთვის, გაორმაგებული ჯარიმები და ახალი სანქციები საგზაო მოძრაობისას კანონდარღვებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტო მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სანქციებს ამკაცრებს. როგორ ფასდება გომელაურის უწყების მიერ შემუშავებული ცვლილებათა პაკეტი მესამე სექტორის, მძღოლებისა და ქვეითების მიერ? სიუჟეტიდან გაიგებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში უნდა გაეგზავნოს, არსებულები რეგულაციების უკიდურესად გამკაცრებას გულისხმობს. სიმთვრალისთვის 1 წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში მძღოლს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. იზრდება ჯარიმები მანქანის მართვისას მობილურის გამოყენებისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრა ავარიის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მიტოვება. მძღოლების ნაწილი რეგულაციის მომხრეა, თუმცა ფიქრობენ, რომ კანონის გამკაცრებამდე ინფრასტრუქტურა მოწსრიგებას საჭიროებს.
გომელაურის უწყების მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, ითვალისწინებს კანონის გამკაცრებას ქვეითებისთვისაც. ორმაგდება ჯარიმა ფეხით მოსიარულეს მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება.საავარიო ვითარების შემქნის შემთვევაში კი დღეს არსებული 50ლარიანი ჯარიმა 150 ლარი გახდება.
შემოვა ახალი სანქციაც, რომელიც ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას გულისხმობს. ახალი რეგულაციით სავალდებულო იქნება მოპედის რეგისტრაცია და მართვის უფლების აღება.
მესამე სექტორში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს დადებითად აფასებენ. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანქციების პარალელურად აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილებათა პაკეტი სიკვდილიანობის შესამცირებლად შეიმუშავეს.
მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული 9805 შემთხვევიდან 34 - სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვამ გამოიწვია. 3 ფაქტი ფატალურად დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო კანონი საგზაო მოძრაობის წესების შესახებ 2016 წელს გამკაცრდა. თუმცა თუ სტატისტიკას ვნახავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.