15, ნოემბერი 2019 10:18:00
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები. სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან ყოფნას გეგმავენ და ამბობენ, რომ გზას არ გახსნიან. მათი თქმით, 24-საათიან რეჟიმში აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღის პირველ ნახევარში, პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.