02, დეკემბერი 2019 17:06:00
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ნათქვამია თავაძის წერილში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიმართ. "ჩემთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას“, - ნათქვამია ზაზა თავაძის განცხადებაში.