1 დეკემბერს მთელ მსოფლიოში აივ ინფექციასა და შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ეს ის დაავადებაა, რომელმაც წლების განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა . მკურნალობის შემთხვევაში ვირუსი მომაკვდინებელი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მედია ამ დღეს სხვადასხვა აქციისა და ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ.
აივ ინფექცია არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და რომლის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა. ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში იწყებს "გააქტიურებას". პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია და ამას ე.წ. ფანჯრის პერიოდიჰქვია, თუმცა შესაძლოა სიმპტომების გარეშეც წარიმართოს. შესაბამისად, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერც კი მიხვდება, რომ დაინფიცირდა. აივ ინფექციის პირველადი სიმპტომებიც ხშირად ერევათ მსუბუქ გაციებაში და ყურადღებას არ აქცევენ.
აივ ინფექცია ორგანიზმში ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას იწვევს. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ინფიცირებიდან დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესაძლოა, ნებისმიერი დაავადება მარტივად განვითარდეს, მათ შორის სიმსივნე, როდესაც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად ჩნდება მსგავსი დაავადებები, სწორედ ამ მდგომარეობას ეძახიან შიდსს.
შიდსის დიაგნოზის დასმა არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება - ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ/შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტიბერკულოზის რეგიონული ცენტრი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში 2005 წლიდან არის ჩართული. ამ დროის განმავლობაში 717 პაციენტია რეგისტრირებული.
ასოციაცია ,,თანადგომა“ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. სტიგმის დაძლევასა და მკურნალობაში ჩართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტრენინგები მსურველებს ერთ კვირის განმავლობაში უტარდებათ.
საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. რის შემდეგაც ექიმი მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.