ტალახი მტვერი და მოშლილი ინფრასტრუქტურა- ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები ბოლო რამდენიმე წელია გზის კეთილმოწყობას უშედეგოდ ითხოვენ. არაერთი მცდელობა, არაერთი აქცია , არაერთი დაპირება, თუმცა შედეგი. სამწრეველო ზონაში ტრაილერების გადაადგილების შედეგად გამოწვეული პრობლემები დღეს მოქალაქეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს
ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემები, რომელთა მოგვარებას წლებია ითხოვენ. ადგილობრივები დღეს ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ და იმის მტკიცებას შეეცადნენ, რომ ადგილზე სხვადასხვა კომპანიების კუთვნილი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ქუჩებს აბინძურებს. ასევე, მათი სწრაფი მოძრაობა საფრთხეს ბავშვებს უქმნის, რომლებიც ყოველდღიურად საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მიდიან. უფრო მეტს ნინია მესხიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
ადგილობრივების თქმით, სატვირთოების ინტენსიური მოძრაობით დასახლებაში მტვერია, რის გამოც ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება. იტბორება მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია და პირველი სართულები. წვიმიან დღეებში აქ გზა ტალახდება და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებიც მოუწესრიგებელია.
ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწერიგებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. მოსახლეობა თვლის, რომ პრობლემას მახლობლად მდებარე სამრეწველო ზონა ქმნის, რისთვისაც შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს. ისინი პასუხისმგებელი ორგანოებისგან ქუჩების რეაბილიტაციას ელოდებიან.
მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შედეგად, ასხლეტილი კენჭები საცხოვრებელი სახლების ფანჯრებსაც აზიანებს. მათივე თქმით, მტვერის გამო, ბავშვებს ორგანიზმში ტყვია აღმოაჩნდათ.
ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც კომპლექსური სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.
ვიდრე ხელისუფლება ადგილობრივთა პრობლემების მოგვარებას დაიწყებს, აქ მცხოვრებლებს წელსაც ცხოვრება გაუსაძლის პირობებში მოუწევთ.