11, დეკემბერი 2019 21:26:00
როგორი იქნება 2020 წლის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი? ფინანსური დოკუმენტი დღეს საჯაროდ განიხილეს. რა მიმართულებებს მოხმარდება თანხები და გათვლილია თუ არა იგი მოსახლეობის საჭირობებზე? ეკატერინი ბარამიძის სიუჟეტიდან გაიგეს
2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს ქედაში. შეხვედრა, რომელსაც, ძირითადად საჯარო მოხელეებთან ერთად, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ, მერმა დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. საფინასო სამსახურის უფროსმა კი, მოქალაქეებს ბიუჯეტის პროექტით, თითოეულ პროგრამაზე გაწერილი თანხები გააცნო.
შეხვედრისას, ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივების დასაქმების კუთხით სჭიროა, სოფელ ოქტომბერში „აკავრეთას“ თევზის მეურნეობასთან დამაკავშირებელი გზაზე ინფრასტრუქტურა აღდგეს. შეხვედრაზე ამ მეურნეობის ერთ-ერთი მფლობელიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მომავალი წლიდან ბაღის თანამშრომლებს ქედაში ხელფასი გაეზრდება და დაახლოებით ასი ლარით მომატებულ ანაზღაურებას დასაქმებულები ზაფხულიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის ქედის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა გათვლილი.
2020 წლის ქედის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ხელისუფლების ოპონენტს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ შენიშვნები წერილობითი სახით მერიას გაუგზავნა და იმ შემთხვევაში თუ უწყება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
პროექტით - 2020 წლის ქედის ბიუჯეტი 11 მილიონ ნახევარ ლარამდეა. არსებულ პროგრამებთან ერთად, ოთხი ახალი ღონისძიებაც ამოქმედდება.
2020 წლისთვის, ქედაში განსახორციელებელ ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა სოფელ აქუცაში საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რისთვისაც 1 მილიონი ლარი გათვალისწინებული, ისტორიული მუზეუმის ადგილმონაცვლეობისთვის კი 373 ათას 600, ხოლო მდინარე აკავრეთას ნაპირგამაგრებაზე 500 ათასი ლარი.