12, დეკემბერი 2019 20:44:00
აშშ-ს საელჩო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ სიაში მოხვდა კანდიდატთა ის ნაწილი, ვინც "მოსმენებისას ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი".
"ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ს საელჩო, ასევე, აცხადებს, რომ იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, კანდიდატთა შერჩევის არასაკმარისად გამჭვირვალობაზე:
"შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს".
აშშ-ს საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ კანდიდატების შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.
"მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია... სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი... იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში", — წერია განცხადებაში.