16, დეკემბერი 2019 20:54:00
ბავშვებში ტყვიის შემცველობის საგანგაშო მდგომარეობაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და იუნისეფმა აჭარაში ერთობლივი კვლევა, გასულ წელს, ჩაატარეს. გამოკვლეული ბავშვების 41 პროცენტს ქიმიური ელემენტის მაღალი შემცველობა დაუფიქსირდა. სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკომპლექტეს.
აჭში მცხოვრებლები, სოფელში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ. მშობლები ამბობენ, რომ გამოკვლეული ბავშვებიდან, თითქმის ყველას ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა.
ადგილობრივები არსებული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ. როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვები, ამ ეტაპზე მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიან. აჭში მცხოვრებლები ტყვიის შემცველობის დონის აწევის შემთხვევაში, სოფლის დატოვებას აპირებენ.
აჭის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საეჭვო ვითარებაზე ბავშვების დაბალი ათვისების დონემ დააფიქრა. რუსუდან კაკალაძის თქმით, გამომწვევი მიზეზებით დაინტერესების შემდეგ, მოსწავლეებში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ ტყვიით ინტოქსიკაციამ შესაძლოა, ბავშვის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
საიდან ხვდება ტყვია ბავშვების სისხლში? ეს კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრობლემა ჩვენს რეგიონში ყველაზე მწვავეა. მიუხედავად ამისა, აჭარის განათლების სამინისტროში დღეს, თემის კომენტირება საჭიროდ არ ჩათვალეს.