17, დეკემბერი 2019 21:40:00
რამდენად მიზნობრივად და კანონიერად ხარჯავს ფინასებს საქართველოს საპატრიარქო და უნდა მოწმდებოდეს თუ არა ის აუდიტის სამსახურის მიერ? საპატრიარქოს ფინანსების საეჭვო განკარგვაზე, წარსულში, სინოდთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ღიად საუბრობენ. ხელისუფლების წარმომადგენელი კი კონტროლის არსებობას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
საპატრიარქოს ფინანსების საეჭვო განკარგვაზე, წარსულში, სინოდთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ღიად საუბრობდნენ. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ იმ ფონზე, როცა ეკლესია ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი კონტროლი მთავარი ფინანსური მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, აუცილებელია.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მხრიდან, თანხების განკარგვა, გამჭვირვალეა და ის ზედმეტ კონტროლს არ საჭიროებს. ზაზა კილაძის თქმით, 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით, სახელმწიფო საბჭოთა კავშირის მიერ ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის, მემკვიდრეობით მიღებულ ვალს იხდის.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურისთვის მსგავსი მანდატის მინიჭებისთვის, კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვაა საჭირო. კონსტანტინე ჩაჩიბაიას თქმით, არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, აუდიტორული კომპანიის დაქირავება, საპატრარქოს ინტერესებშივე უნდა შედიოდეს.
იქედან გამომდინარე, რომ საპატრიარქო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს ბიუჯეტის გადამოწმება არ შეუძლია.
ხელისუფლების წარმომადგენელი, იქ სადაც საბიუჯეტო თანხები მიდის, კონტროლის არსებობას მიზანშეწონილად მიიჩნევს. თუმცა, ცოტნე ანანიძეც, დაბრკოლებად, სწორედ, კონკორდატს ანუ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის არსებულ შეთანხმებას ასახელებს.
რას ფიქრობენ საპატრიარქოში? საჭიროდ მიაჩნიათ თუ არა ფინანსების განკარგვის კონტროლი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ? კითხვებზე პასუხის მისაღებად საპატრიარქოში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.