14, იანვარი 2020 21:09:00
კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლები, მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობას ისევ აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მათ ცხოვრება შიშის ფონზე უწევთ. ისინი მთავრობის მიერ მიღებული ექსპროპრიაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. აპირებს თუ არა ხელისუფლება პრობლემებით დაინტესებას? ხატია გოგრაჭაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.
კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლებმა, დღეს, ხეობაში ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, თურქულმა კომპანიამ, რომელიც პროექტს ახორციელებს, მამა-პაპისეულ საცხოვრებელი ტერიტორიები მიზან მიმართულად დაუტბორა. ამბობენ, რომ ამის გამო, მუდმივი საშიშროების ქვეშ უწევთ ცხოვრება.
ადგილობრივები მთავრობის მიერ მიღებული ექსპროპრიაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ამბობენ, რომ საკუთრების დათმობას არ აპირებენ, კომპანიას და რეგიონის მთავრობას კი შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნით მიმართავენ.
აქციის მონაწილეებს უფლებადამცველიც შეუერთდა. თამაზ ბაკურიძემ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობასა და კომპანია „აჭარა ენერჯი 2007-ს “ შორის შუამდგომლობისკენ მოუწოდა.
შეკრებილებს ხელვაჩაურის მერი შეხვდა. ჯუმბერ ვარდმანიძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ხელისუფლება, ხეობის მცხოვრებლებს გვერდში დაუდგება.
ხეობის მცხოვრებლებმა რეგიონის ხელისუფლებას, პრობლემის მოსაგვარებლად, 10 დღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური აქციით მთავრობის სახლთან გადასვლა დაანონსეს.