ხმაურიანი იყო საკრებულოს სხდომა დღეს ქობულეთში. მმართველი გუნდის წევრებმა და ოპონენტებმა რამდენიმე საკითხზე იკამათეს. 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილება, დარჩენილი ნაშთი, ჩაქვში, „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიისთვის ლანდშაპტური ზონის სტატუსის მინიჭება - თემების ირგვლივ ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვითი ნიშნები გაუჩნდათ. რა გადაწყვეტილებები მიიღეს სიტყვიერი დაპირისპირების და ბოიკოტის ფონზე დეპუუტატებმა?
კამათი ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის, 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების საკითხმა გამოიწვია. ოპოზიციის პროტესტის მიზეზი, დეკემბრის თვეში მიღებული, მიმდინარე წლის, მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაკორექტირების საჭიროება გახდა. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აუთვისებელი ნაშთი.
შელაპარაკება გამოიწვია, ჩაქვში, „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიისთვის ლანდშაპტური ზონის სტატუსის მინიჭებამაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება „ოაზისის“ მეპატრონეებისთვისაა ხელსაყრელი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საეჭვო ფინანსურ გარიგებებზე საუბრობენ. ბონდო თედორაძის თქმით, აქვე არსებული სპეცრაზმის ყოფილი ტერიტორიით, რომელიც ლანდშაფტურ ზონაში არ მოხვდა, თავად ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.
მმართველ გუნდში ოპოზიციის განცხადებებს პოპულისტურს უწოდებენ. ქობულეთის მერის მოადგილის თქმით, აუთვისებელი თანხები, გარდამავალი ნაშთია და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში ბიუჯეტი 95%-ითაა შესრულებული.. ლევან ზოიძის მტკიცებით, მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სამსახური ფუძნდება და გამოთავისუფლებული თანხები, სწორედ ამ მიმართულებით გათვლილ შტატებზე მიიმართება.
რაც შეეხება ოაზისის თემას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში საკითხს პოზიტიურად აფასებენ. ქობულეთის მერიაში, გადაწყვეტილების მიზეზად მწვანე ზოლის შენარჩუნებას ასახელებენ. ასლან ქათამაძე ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს გამორიცხავს და ამბობს, რომ სპეცრაზმისთვის განკუთვნილი ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა.
ქობულეტის საკრებულოს, 2020 წლის, პირველ სხდომაზე სულ ოთხი საკითხი განიხილეს. ერთ ერთი იყო მუნიციპალიტეტში სოციალური საკითხების მიმართულებით, შვიდი ახალი შტატის შექმნაა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მიმდინარე წლისთვის, 37 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.