ახალი სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად ქობულეთში, ასწლოვანი ხეების გაჩეხვა დაიწყო. იყო თუ არა ინვესტიციის განცხორციელება შესაძლებელი ისე, რომ მწვანე ზოლი შენარჩუნებულიყო? და აწუხებს თუ არა ფაქტი მუნიციპალიტეტის პირველ პირს? ია გოლიაძე მუშაობს თემაზე, რომელსაც 9ის ნახევარზე ნახავთ.
ეს ფიჭვნარია. აღმაშენებლის ქუჩა. ადგილი, სადაც აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე შპს „კრისტალ ბილდინგი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ ფიჭვნარში ასწლოვანი ხეები მოჭრა. ადგილობრივები ფაქტს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ კარგავენ იმას, რის გამოც ტურისტულ ქალაქში დამსვენებელი ჩადის.
ეს დაპირება 2017 წლით თარიღდება. მაშინ, როცა სიმბოლური კაფსულა ადგილზე საზეიმო ვითარებაში ჩაუშვეს. ამის მიუხედავად 2018 წელს კომპანიამ ზღვაზე გადასასვლელი მაინც ჩაკეტა. ფაქტს ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მალევე მოჰყვა. მაშინაც დაპირდნენ, რომ ღობე მოიხსნებოდა, ისიც უთხრეს, რომ მწვანე ზოლი შენარჩუნდებოდა. ტერიტორიაზე ახლა სხვა რეალობაა.
ხეების მოჭრას ოპოზიციაში იმით ხსნიან, რომ ქობულეთის მერია კომპანიასთან გარიგებაშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პროექტი რამდენჯერმე გადააკეთეს და ხალხის ნაცვლად წინ ინვესტორის ინტერესები წამოწიეს.
რატომ გასცა ქობულეთის მერიამ ნებართვა პროექტზე, რომელიც ხეების მოჭრას ითვალისწინებს და აწუხებს თუ არა ასწლოვანი ფიჭვების გაჩეხვის ფაქტი მუნიციპალიტეტის პირველ პირს? იყო თუ არა ინვესტიციის განცხორციელება შესაძლებელი ისე, რომ მწვანე ზოლი შენარჩუნებულიყო? ერთი და იმავე კითხვების გამეორება დღეს მირიან ქათამაძისთვის რამოდენიმეჯერ მოგვიწია :
ის, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის, ადასტურებს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ ფაქტით უკვე დაინტერესდა.
ის, ვინც ტერიტორია გაასხვისა, ამბობს, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ საინვესტიციო პოლიტიკაზეა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა სიტყვიერად განმარტეს, რომ ხეების მოჭრასთან კავშირში არ არიან:
თავად კომპანია, რომელიც ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსს აშენებს, თავს დამნაშავედ არ გრძნობს. მაცნესთან სატელეფონო საუბრისას ვანო ლომიძემ თქვა, რომ ჯანსაღი მხოლოდ რამოდენიმე ხე მოჭრეს და სანაცვლოდ მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს. ეს ყველაფერი კი პროექტის და კანონის ფარგლებში მოხდა
ასწლოვანი ხეების მოჭრა, რომ ფიჭვნარს იერსახეს დაუკარგავს და ეკოლოგიაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, ამაზე ეკოლოგები საუბრობენ. თუ პროცესი შეუქცევადი იქნება, შესაძლოა ქობულეთიც ისევე ჩაბეტონდეს, როგორც ბათუმი - ამბობენ გარემოსდამცველები.
ქობულეთის სანაპიროზე შპს „კრისტალ ბილდინგი“ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს, ერთი - 42, მეორე კი 16 სართულიანი იქნება. ჩვენთვის გაუგებარი დარჩა რამდენი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რადგან ქობულეთის მერიაში 20 მილიონი ლარი გვითხრეს, ეკონომიკის სამინისტროში კი ამდენივე დოლარი, ხოლო სამშენებლო ბანერზე 200 მილიონი ლარია მითითებული.