18, იანვარი 2017 05:31:00
სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობა მუდმივ საცხოვრებელს ითხოვს. 61კომლიან სოფელში მეწყერი 10 იანვარს ჩამოწვა, თუმცა მცირე მეწყრული პროცესები ტერიტორიაზე ყოველ დღე ვითარდება. მოქალაქეებმა თავდაცვის მიზნით, ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა დააწესეს. გეოლოგების დასკვნით სოფელში ცხოვრება საშიშია და სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი სასწრაფოდ განსახლებას ექვემდებარება. აჭარის მთავრობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ თხილვანას მოსახლეობას ქირით გაყვანა შესთავაზა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ადგილობრივებს ჰყავთ პირუტყვი, ისინი დროებით განსახლებაზე უარს ამბობენ. მათი განმარტებით, შინაური ცხოველების გაყიდვა ან გასხვისება არ შეუძლიათ, რადგან მეცხოველეობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დაზარალებულები მთავრობას მუდმივი საცხოვრებლის შეძენას თხოვენ. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ ქირით გაყვანასთან დაკავშირებით, მოქალაქეებთან კონსულტაციას გააგრძელებს, რაც შეეხება მუდმივი საცხოვრებლის შეძენას მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე შემდგომში იმსჯელებს. ქირის მინიმალური თანხა - 300 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.