02, მარტი 2020 21:20:00
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები ამორტიზებული გზით წლებია სარგებლობს. ჩამოშლილია ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდიც. ადგილობრივები იმ საშიშროებაზე საუბრობენ, რასაც უამინდობისას ავარიულ გზაზე გავლა იწვევს. 40-მდე ოჯახი სოფლის ცენტრთან დასაკავშირებლად ალტერნატიული გზით სარგებლობს.
ეს სოფელი ლეღვაა. კადრებში ახლა თქვენ გზის იმ სავალ ნაწილს ხედავთ, რომლითაც მოსახლეობა წლებია სარგებლობს. გარდა იმისა, რომ გზა ვარიულია, ასევე წლებია ჩამოშლილია ორი სოფლის - ლეღვასა და ქაქუთის დამაკავშირებელი ხიდიც.
ავარიულ გზაზე განსაკუთრებით სიარული სკოლის მოსწავლეებს ურთულდებათ. უამინდობისას კი აქ გავლა საშიში ხდება. მონაკვეთზე, სადაც წესით ხიდი უნდა იყოს, წყლის დონე საგრძნობლად იზრდება.
მოსახლეობა დახმარების თხოვნით ქობულეთის მერიას, წლებია მიმართავს, თუმცა შედეგი, რომ არ დამდგარა, კადრებიც კარგად მოწმობს.
იმოს გამო, რომ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი არარსებობს 40-მდე ოჯახი ალტერნატიული გზით სარგებლობს, თუმცა ისიც ავარიულია. აქ გაწვიმებისას გზის ზედაპირი ატალახებულია. ამორტიზებულ გზაზე გაჩენილი ორმოების გამო, სოფელში მსუბუქ ავტომობილებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გადაადგილება უჭირს.
ქობულეთის მერია ტრადიციულად TV 25-ის კითხვებს გაურბის. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც უწყება კონკრეტულ თემებს მხოლოდ წერილობით პასუხობს, შესაბამისად ჩვენ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გვეძლევა. რატომ არ თვლის ხალხის მიერ არჩეული მერი მედიის კითხვებს კამერის წინ უპასუხოს? მირიან ქათამაძემ მედია საშუალებებთან ურთიერთობის ახალი ფორმატი რამდენიმე თვის წინ დანერგა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების ვალდებულება ქობულეთის მერიას გააჩნია.