22, მაისი 2020 16:44:00
23 მაისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. ხვალიდანვე იქნება ნებადართული მანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილება. თუმცა კვლავ რჩება გარკვეული სახის შეზღუდვები. განცხადებები დღეს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომელთაც სიუჟეტიდან გაიგებთ.
ისევ შეზღუდულია ქვეყანაში საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა. რესტორნებს ისევ ეკრძალებათ ადგილზე მომსახურებით მუშაობა, ისევ დახურულია სავაჭრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები. მიუხედავადა ამისა, 23 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. ხვალიდან ნებადართული ხდება მანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილება. აკრძალვის გაუქმება არ ეხებათ ტაქსებს.
ამ ეტაპზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება იგეგმება. იგი ისევ რჩება როგორც ერთ-ერთი რისკი ვირუსის გავრცელებისთვის.
პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის კიდევ ერთი ტალღა წამოვა, ამიტომაც, როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველომ ზაფხულის თვეები მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.
დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მოახლოებულ არჩევნებზე. თქვა, რომ სანიმუშო და დემოკრატიული არჩევნები ხელისუფლების ვალდებულებაა, რასაც გუნდი თავს აუცილებლად გაართმევს.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემიის მიმართულებით ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა, ერთი ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორე ეკონომიკის გაძლიერება. პირველ ნაწილს თავი წარმატებით გავართვით - ასე შეაფასა პრემიერმა არსებული მდგომარეობა. შედეგებს გახარია საკოორდინაციო საბჭოს დამსახურებად მიიჩნევს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმა კიდევ ერთი საბრძოლო ფრონტი ახსენა. „გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით“ განაცხადა მან და თქვა, რომ გარკვეული შეზღუდვების გაგრძელებას ხელს ვერავინ შეუშლის.
გარკვეული სახის შეზღუდვები ძალაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე უნდა დარჩეს. კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია.